დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / მთავარი / ევროპის 2022 წლის ციფრული რეკლამირების ბაზრის მიმოხილვა: ტრენდები, გამოწვევები და პერსპექტივები

ევროპის 2022 წლის ციფრული რეკლამირების ბაზრის მიმოხილვა: ტრენდები, გამოწვევები და პერსპექტივები

თანამედროვე სწრაფად განვითარებად ციფრულ სამყაროში სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რაც მომხმარებლების ცვალებადი ქცევებითა და ტექნოლოგიური მიღწევებითაა განპირობებული. მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიების, მაღალგანვითარებული ანალიტიკისა და ინოვაციური ფორმატების მოზღვავებამ რევოლუცია მოახდინა ბრენდების საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ამ კონტექსტში IAB Europe-ის 2022 წლის AdEx მაჩვენებელთა ანგარიში მიმოიხილავს ევროპული ციფრული სარეკლამო ბაზრის წარმატებას და წარმოგვიდგენს ძირითად მოსაზრებებსა და ტენდენციებს, რომლებსაც ინდუსტრიის ზრდაში შეაქვს წვლილი. მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებიდან დაწყებული, ახალი არხებისა და ფორმატების გამოცდით დამთავრებული, ეს სტატია მოგითხრობთ, როგორ ერგებიან დინამიკურ გარემოს სარეკლამო სფეროში დასაქმებული ადამიანები თავიანთი კამპანიების სრულყოფის მიზნით.

29 ბაზრის საფუძვლიანი მიმოხილვა

AdEx-ის მაჩვენებელთა კვლევაში დიდი ცვლილებებია გეოგრაფიული დაფარვის თვალსაზრისით, რადგან მას გამოაკლდა ბელარუსი და რუსეთი და დაემატა ახალი ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ეს გაფართოებული დიაპაზონი ბევრად უფრო დეტალური კვლევის საშუალებას იძლევა და ბაზრების უფრო ფართო სპექტრსაც მოიცავს.

ანგარიში წარმოგვიდგენს, რა ფაქტორები განსაზღვრავს ციფრული რეკლამის 9.8%-იან წლიურ ზრდას

Adex-ის 2022 წლის მაჩვენებელთა ანგარიში ევროპული ციფრული სარეკლამო ბაზრის ინვესტიციების გასაოცარ, 9.8%-იან ზრდას გვიჩვენებს, რაც, ჯამში, 86 მილიარდი ევროა. უპრეცედენტო მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების, მაგალითად, უკრაინის ომისა და ინფლაციის ზრდის მიუხედავად, ციფრულმა სარეკლამო ბაზარმა უნიკალური მედეგობა აჩვენა – ის 7.7 მილიარდი ევროთი გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

ევროპული ციფრული სარეკლამო ბაზრის ზრდა 2022 წელს რამდენიმე ძირითად ფაქტორს შეგვიძლია მივაწეროთ. ბრენდთა კრეატიულმა რეკლამირებამ და ახალი არხებით სარგებლობამ ამ გაფართოებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. უფრო კონკრეტულად, ბიუჯეტის გარკვეული თანხების აქამდე გამოუყენებელი ციფრული შესაძლებლობისკენ მიმართვამ, მაგალითად, თანხების ცალკეული მედიასაშუალებებისკენ (Retail Media) გადასროლამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზრდის პროცესში.

ევროპულ ბაზარზე დისპლეი (Display) რეკლამა დომინირებს

მონაცემთა მიხედვით, ევროპულ ციფრულ სარეკლამო ბაზარზე ძირითადად დისპლეი, ანუ საჩვენებელი, რეკლამა (Display Advertising) დომინირებს და საერთო წილის 49.9% უჭირავს. მას მოსდევს საძიებო რეკლამა (Search Advertising), რომელიც ბაზრის 43.5%-ს მოიცავს, ხოლო განცხადება/კატალოგებს (Classified/directories) შედარებით მცირე, 6.6% უკავია.

2020 და 2022 წლების მონაცემებს თუ შევადარებთ, ნათელია, რომ დისპლეი რეკლამის (Display Advertising)  წილი ევროპულ ბაზარზე ორი წლის განმავლობაში მკვეთრად, +4.1%-ით გაიზარდა. ეს ზრდა სარეკლამო ბიზნესში დასაქმებულებს შორის დისპლეი რეკლამის (Display Advertising) პოპულარობისა და ეფექტიანობის ზრდის მნიშვნელოვან, აღმავალ ტენდენციაზე მიუთითებს, რაც ხაზს უსვამს მის უნარს, უფრო ქმედითად მოიზიდოს მომხმარებელი და აჩვენოს შედეგები.

2022 წელს რეკლამირების თითოეულ სახეობაში დანახარჯების ზრდა შეინიშნებოდა. დისპლეი რეკლამა (Display Advertising) მკაფიოდ, +9.7%-ით გაიზარდა. შემდგომში კი მან (Display Advertising) (სოციალური მედიის გამოკლებით) კიდევ უფრო დიდი, +12.7%-იანი ზრდა აჩვენა. სოციალური მედიარეკლამაც (Social Media Advertising) დადებითად, +7.0%-ით გაიზარდა. საძიებო რეკლამის (Search Advertising) ზრდაც საკმაოდ ძლიერი, +10.7%-იანი აღმოჩნდა. დამატებით, განცხადება/კატალოგების (Classifieds&Directories) წილმა მნიშვნელოვნად, +6.1%-ით მოიმატა. ეს ციფრები ხაზს უსვამს სხვადასხვა ფორმატის რეკლამების დადებითად ზრდის ტენდენციას, რამაც 2022 წელს ხელი შეუწყო სარეკლამო ინდუსტრიის კიდევ უფრო გაფართოებას.

ვიდეო- და აუდიორეკლამების ყველაზე ძლიერი ზრდა

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა რეკლამირების ორივე ფორმატმა – ვიდეომაც და აუდიომაც, რამაც საგულისხმო ტენდენცია შექმნა ციფრული რეკლამის სფეროში. აუდიოფორმატი ყველაზე სწრაფად მზარდი აღმოჩნდა და მან გასაოცარი, 22.1%-იანი მატება აჩვენა, მთლიანმა ინვესტიციამ კი, ჯამში, 0.7 მილიარდ ევროს მიაღწია. ეს ზრდა კარგად ასახავს აუდიორეკლამის მზარდ პოპულარობასა და მის ეფექტიანობას მომხმარებელთან დასაკავშირებლად.

მნიშვნელოვნად, 13.6%-ით, გაიზარდა ვიდეორეკლამაც (ძირითადად, სოციალური რეკლამის ზრდის ხარჯზე), რამაც, საერთო ჯამში, ამ ფორმატს 18.4 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოუტანა. ვიდეორეკლამის ხარჯების ასეთი ზრდა ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას მომხმარებელთა მოზიდვაში და ბრენდების გზავნილების მკაფიოდ წარმოჩენაში. სარეკლამო სფეროში დასაქმებულები მომხმარებელთა დასაინტერესებლად აშკარად ვიდეო- და აუდიოფორმატებს ამჯობინებენ, მათი ეფექტიანობის გამო. ვინაიდან სარეკლამო სფეროში ციფრული პლატფორმები დომინირებს, ეს შეხედულებები დასაქმებულებს სტრატეგიებისა და ბიუჯეტის დახვეწაში ეხმარება.

fdc

ციფრული პლატფორმები ლოგიკური არჩევანია ბრენდებისთვის, რათა გაზარდონ თავიანთი ხარჯები რესურსების იმ არხებიდან გადამისამართებით, სადაც ინვესტიციის რენტაბელობის ამაღლება (ROI) ბევრად უფრო რთულია. ამასთანავე, ეს ცვლილება, აისახა გასაოცარ, 46.6%-იან ზრდაზე ინტერნეტთან დაკავშირებულ ტელევიზიასთან (CTV) მიმართებით. ფინანსები სულ უფრო ნაკლებად მიეწოდება ტრადიციულ ტელევიზიას, რომელსაც ისეთი მრავალფეროვანი მონაცემები არ აქვს, როგორსაც ციფრული ტელევიზია გვთავაზობს.

პროგრამატიკულ რეკლამას დისპლეი რეკლამის 57%-ზე მეტი უჭირავს

პროგრამატიკულ რეკლამას დისპლეი რეკლამის ბაზრის შთამბეჭდავი წილი – 57%-ზე მეტი უჭირავს, სოციალური მედიის გამოკლებით. პროგრამატიკის სფეროში ვიდეორეკლამებზე საერთო ხარჯის 52.8% მოდის, თუმცა პროგრამატიკული რეკლამის ვარიაციების სხვადასხვა ბაზრებზე გაძლიერება კიდევ უფრო მეტად გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს. პროგრამატიკულ რეკლამაში მნიშვნელოვანი წილით (85.0%) უკრაინა ლიდერობს, მას მოჰყვებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი (83.5%) და პოლონეთი (78.4%), ასევე შესამჩნევი წილით. ამის საპირისპიროდ სხვა ქვეყნებში რეკლამირების ეს სეგმენტი ჯერ კიდევ განვითარებად საფეხურზეა.

Adex

დასკვნები და პერსპექტივები

ინდუსტრიის აქტიური პასუხი მომხმარებელთა ქცევასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე, სარეკლამო სფეროში დასაქმებულთა მიერ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიების შემუშავების დამატებით, განგრძობად ზრდასა და წარმატებაზე მიანიშნებს.

ვინაიდან ციფრული რეკლამა ადასტურებს, რომ ცვალებად სიტუაციებშიც ინარჩუნებს მოქნილობას, ამ ბაზარზე სტაბილურობისა და ნდობის მანიშნებელი ბევრი ფაქტორი არსებობს. გაციფრულების პროცესის გასააქტიურებლად ინვესტიციების გაზრდა IT სერვისებისთვის, მაგალითად, ისეთებისთვის, როგორებიცაა Cloud-ისა და Clean Room-ის ტექნოლოგიები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის ციფრულ რეკლამაში თანხების მოზიდვას.

სამი ძირითადი ფაქტორი – საცალო ვაჭრობის (Retail Media) განვითარება, ინოვაციური გზების მოძიება იდენტიფიკაციისთვის და AI მეთოდების დანერგვა –  ყველაზე მეტად განაპირობებს ბიუჯეტის მიმართვას ციფრული პლატფორმებისკენ. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტორები ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ბრენდების განსავითარებლად, კამპანიების დასახვეწად და მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად.

რაკი ბრენდები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული რეკლამის უპირატესობაში, ამიტომაც მის სასარგებლოდ ბიუჯეტების გადანაწილების ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. ეს ცვლილება, რომელიც უფრო გამარტივებულ და მონაცემებზე დაფუძნებულ სარეკლამო გარემოს შექმნის, ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს. ეს კი ბაზრებს საშუალებას მისცემს, უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და ინვესტიციის რენტაბელობის (ROI) ნიშნულიც გაზარდონ.

საერთო ჯამში, ციფრული რეკლამის ინდუსტრია ზრდას განაგრძობს – მასში შემოდის ინოვაციები, რადგანაც ის მონაცემებს, ტექნოლოგიებსა და მომხმარებელთა მოსაზრებებს გავლენიანი და პიროვნებებზე მორგებული კამპანიების შესაქმნელად იყენებს. ადაპტაციის უნარითა და ინოვაციების დამსახურებით, ალბათ, ეს ინდუსტრია ახალ შესაძლებლობებს გამოიყენებს და გზას გაიკვლევს ციფრული ეპოქის დინამიკურ სარეკლამო სამყაროში.

მონაცემთა სრული კვლევა შეგიძლიათ გადმოწეროთ საიტიდან: The 2022 AdEx Full Report.

სტატია მომზადებულია შემდეგ მასალებზე დაყრდნობით: The 2022 AdEx Full ReportIAB Europe AdEx Benchmark 2022 Press Release.

Scroll To Top